კავთისხევი † - ვახუშტი კოტეტიშვილი – “მე და სოფელი”
ორშაბათი, 05-დეკ-2016, 5:22:50მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | ვახუშტი კოტეტიშვილი – “მე და სოფელი” | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

                                                                                      ვახუშტი კოტეტიშვილი  –  "მე და სოფელი”



მე და ჩემი შვილიშვილი ტატო, სოფელ კავთისხევის ზემო უბანში, გუდალეთში, მშენებარე სახლის აივანზე ვისხედით და ულამაზესი ხედით ვტკბებოდით. მოპირდაპირე ფერდზე ახლად მოხნული მინდორი იყო, მის ირგვლივ მწვანედ მობიბინე ველი, მარჯვნივ _ წიწვოვანი ტყე, მარცხნივ _ ფოთლოვანი. ჩრდილოეთით კი კავკასიონის მთათა მწკრივს დათოვლილი მყინვარწვერი აგვირგვინებდა. უეცრად ტატომ, რომელმაც ლაპარაკი ხეირიანად არც იცოდა, მითხრა:
_ პაპა, ნახე, მოთოხნილი მიწა რა ფერის ლამაზია!
მე გავოცდი. ციცქნა ბალღმა ამდენ სილამაზეში ახლადმოხნული მიწის მშვენიერება შენიშნა და გამოარჩია. გამეხარდა, რადგან ჩემი თვისება ვიცანი.
მე ქალაქელი ბიჭი ვიყავ, შენობების გარემოცვაში გაზრდილი. მიწა ასფალტით ან ქვაფენილით იყო დაფარული. ეზოებშიც ასფალტი ესხა, რომელსაც ვერც გაჩიჩქნიდი, რომ გეთამაშა მაინც. ყველა ეზო თუ ტროტუარი "კლასობანას” უჯრებით იყო დახაზული და გოგონების საასკინკილაოდ ქცეული. სიცხისგან ასფალტი დნებოდა და მაზუთის სუნი ასდიოდა.
საზაფხულო არდადეგები ზეიმი იყო.
ომიანობის წლებში ფეშენებელურ აგარაკებს ვინ მოგვაქვავებდა, ან რა ჯანდაბად გვინდოდა?! სოფლის სილაღეს განა შეედრებოდა სანატორიუმების რეჟიმი და საათობრივად მორთმეული წყალ-წყალა კერძები?!
სოფელში ყველაფერს სხვა სურნელი და ელფერი ჰქონდა. დეიდა თამარა თონეში მახობლიან პურს რომ ჩააკრავდა, მისი სუნი მთელ უბანს ედებოდა. ეს სუნი მოჰქონდა ჭარებულას წისქვილიდან დაბრუნებულ, გაფქვილულ ძია ლექსოსაც.
სოფელში სიტყვებსაც სხვანაირად ხმარობდნენ. წყაროს ცივი წყალი შუშის გრაფინში კი არ ესხა, არამედ თიხის ნოტიო ხელადაში "იდგა”. ძროხა ხბოს კი არ შობდა, არამედ "იგებდა”. ნეხვს "პატივი” ერქვა და ფეხი "ბოდიშით” მოიხსენიებოდა.
სოფელში მიწა მიწა იყო და ცა _ ცა. იქ ღრუბლებსაც სხვა იერი ჰქონდათ და ღამღამობით ვარსკვლავები თითქოს მუჭაში გვიცვიოდნენ.
და ცხოველები, ცხოველები… საღამოობით ორღობეში ნახირის შემოზმუვლება და მინდვრიდან გამოყოლილი ბალახის სურნელი. კამეჩების ზანტი ზმორება
და ბოჩოლების დიდი, ოდნავ სევდიანი თვალები.
თავდებოდა არდადეგები და ისევ _ ასფალტი, ისევ _ კედლები და ისევ _ სახლებით შემოზღუდული რუხი ცის ნაფლეთი. და ლოდინი, ლოდინი, როდის მოვიდოდა ისევ ზაფხული… ჩემთვის, ბავშვობა, ეს მოლოდინი იყო, სოფლის მოლოდინი… და ყველაფერი, რაც ჩემშია, რასაც ქართული სული და მადლი ჰქვია, იქიდან მოდის. და როგორ მესმის ნიკო სამადაშვილისა, რომელიც ქალაქის ორომტრიალში ნატრობდა:
"როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ”.

ჟურნალი "ჩვენი სოფელი” N 1; კავკასიის სახლის გამოცემა

» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2016