ხუთშაბათი, 25-აპრ-2024, 12:27:56მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 22 » დიდი პოეტის ხუმრობა და...კავთისხევი
12:16:31
დიდი პოეტის ხუმრობა და...კავთისხევი
ამ რამდენიმე წლის წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მიმითითა იმ ფაქტზე, რომ აკაკი წერეთელი ერთ თავის ლექსში აგდებით იხსენიებს სოფელ კავთისხევსო, თანაც ამ ლექსის ერთი სტროფი ზეპირად მითხრა:

ვინღა გაარჩევს პედაგოგს,
უგვაროსა და გვარიანს,
როდესაც ერთი ფასი აქვს
კავთისხევსა და ვარიანს!

მაშინ აკაკის თხზულებათა ის ტომი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი, ხელთ არა მქონდა, ამისგამო ძნელი იყო წინასწარ გათვალისწინება იმ საინტერესო ქვეტესტისა, რომელიც ამ სტროფს ჰქონია.
ჩემი სოფელი ლამაზ სოფლად მიმაჩნდა. გაგონილი მქონდა ხლხური სიმღერა:

კავთისხეო, შემკობილო,
წინ, მინდორო, უკან ტყეო.
ბიჭებისა სათამაშო,
ქალებისა სამოთხეო.

სოფელი ვარიანი არ მენახა, მაგრამიმ ხალხურ ლექსებში, სადაც ქართლის სოფლებია დახასიათებული, წაკითხული მქონდა:

ვარიანი - ვალიანი,
უტყეო და ქარიანი...

აი რას ვკითხულობთ პეტრე უმიკაშვილის "ხალხური სიტყვიერების" შენიშვნებში ამ ლექსის გამო: "სხვა სოფლებს უთქვამთ, ხოლო თვითონ ვარიანელებს ასე უთქვამთ:

ვარიანი - გვარიანი,
უმტვერო და ქარიანი...

ამავე შენიშვნებიდან ვიგებთ, რომ სოფ. ვარიანის რეაბილიტაციის ცდა თუ პირველი ვარიანტის მთქმელთან გაპაექრება "იაკობ გოგებაშვილის - ვ ა რ ი ა ნ ე ლ ის თქმით ჩაწერილი" ყოფილა.
მივმართე ვახუშტის. წავიკითხე:
"ნიჩბისის დასავლით ხ ე ვ ი კ ა ვ თ ი ს ა, გამოდის დიდგორის, დის ჩრდილოთ... ქვათახევამდე, ვენახოვანი, ხილიანი... ქვათახევს არს მონასტერი მშვენიერნაშენი. და ა რ ს ა დ გ ი ლ ი შ ე მ კ უ ლ ი, ზაფხულ გრილი, წყაროიანი; ზამთარ თბილი; გარემო მთა ტყიანი... "
რამდენიმე გვერდის შემდეგ ნახსენებია ვარიანი:
"ვარიანს ზეით ერთვის ლიახვს აღმოსავლეთიდან პატარა ლიახვი. ამის გამო ეწოდა დაბასა ამას შერთული. ვანათამდე არს ვენახიანი, ხილიანი"...
ვახუშტის მიერ, როგორც ვხედავთ, არც ვარიანია აუგად მოხსენებული, მით უმეტეს, არც კავთისხევი, რომელიც ქართლის მეფეთა სააგარაკო ადგილებს (ერთაწმინდა, ცხირეთი, ნოსტე, თვალადი, წინარეხი, ქვათახევი) შორის მდებარეობს...
ამ ფიქრისა და ვახუშტის კითხის დროს გამახსენდა არტურ ლაისტის ნათქავმი იმის გამო, რომ, ვისაც უნდა მოწმენდილ ამინდში კავკასიონის მთების სიდიდით დატკბეს, კავთისხევის მხრიდან უნდა გახედოს მის მშვენიერებასო.
მაშ, როგორ უნდა გამეგო აკაკის ნათქვამი: "როდესაც ერთი ფასი აქვს კავთისხევსა და ვარიანს?"
იქნებ პირიქიტ გულისხმობდა აკაკი, იქნებ უპირატესობას კავთისხევს ანიჭებდა ვარიანის წინაშე? მაგრამ რა ვუყოთ ასეთ დალაგებას ცუდისა და კარგისას:

უგვაროსა და გვარიანს...
კავთისხევს და ვარიანს...

იქნებ აქ კავთისხეი და ვარიანი არაფერ შუაშია და დიდი პოეტი თავისი ენის საოცარი მოქნილობით, გონებამახვილობით და ჰუმორის დიდი გრძნოით სულ სხვა რამეს გულისხმობს?
ჩემი ეჭვი გამართლდა, როცა ლექსი წავიკითხე: ამ ვრცელ ლექსს "პანორამა" ეწოდება. ლექსი შედგება სამი თავისაგან. პირველი და მეორე თავი წარმოადგენს აკაკის თანამედროვე პუბლიცისტებისა და პოეტებისადმი მიმართულ სატირას, ხოლო მესამე თავში აკაკისათვის ჩვეული ენამახვილობით გაკენწლილია პედაგოგები:

მეხრე - ტეტია მიხაკა
და ღვიტიკელა გოგია.
ვინც ქართულს დაამახინჯებს,
სუყველა პედაგოგია.

აკაკის ამ ლექსის მიხედვით, იმ დროს არსებობდა სამი ტიპის პედაგოგი; პირველი ტიპის პედაგოგს ასე ახასიათებს პოეტი:

მას თურმე პედაგოგობა
დაჰქონდა გასაყიდადა,
და ჩვენი ახალგაზრდობა
დაიდვა გზად და ხიდადა,
და რაც უნდოდა იშოვნა...
აუხდა გულის წადილი!

აი, მეორ ტიპის პედაგოგს როგორ ამასხარავებს პოეტი:

მაგრამ ხომ გაგიგონიატ:
- ქვეყანას უმოახლოსა,
ვირს ვარდისხარს ეძახდნენ,
რომ ხელი არვინ ახოლსა?!

მესამე რიგის პედაგოგთა დასახასიათებლად აკაკი სხარტულად წერს:

მესამე, მაგრამ მესმე,
მეათე, გინდა მეასე!
სულ ერთი გვარი არიან...
შემისწავლია მე ასე.
და როცა გამოერევა
იმათში თითო-ოროლა,
როგორც ყვავებში ბულბული,
ანუ ჩხიკვებში ტოროლა,
აჩხავლდებიან დიდები,
აღარც აძლევენ შველასა!
ანდა თვის კერძად გაჰხდიან,
ან შეაჭმევენ მელასა.
ვინღა გარჩევს პედაგოგს
უგვაროსა და გვარიანს,
როდესაც ერთი ფასი აქვს
კავთისხევსა და ვარიანს?!

1940 წ. გამოცემულ აკაკი წერეთლის თხზულებათა მეორე ტომის ბოლოს დართულ პავლე ინგოროყვას მიერ შედგენილ კომენტარებში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ეს ლექსი პირველად დაბეჭდილა 1895 წლის ჟურნალ "კვალში".
როგორ უნდა აიხსნას აკაკის ამ ლექსის ბოლო სტროფი?
როგორც ცნობილია, აკაკი ხშირად მიმართავდა, როგორც პირდაპირ, ისე შენიღბულ სატირას.
პატივცემულ მკვლევარს პავლე ინგოროყვას თავის კომენტარებში აღნიშნული აქვს, რომ აკაკის სატირის მსხვერპლნი არა ერთხელ გამხდარან, როგორც მაშინდელი ჩვენი საზოგადო მოღვაწენი, ისე ქართული საზოგადოების აშკარა მტრები.
ასე, მაგალითად, ლექსში "პამპულა" (1894 წ.) აკაკი ამათრახებს ცნობილ მწერალს ანტონ ფურცელაძეს, ლექსი "არაკი" მიმართულია მკაცრი ცენზორის ლუკა ისსარლოვის წინააღმდეგ, ხოლო ლექსი "ყიზილბაშური" ამჟღავნებს ცნობილ შავრაზმელ პოეტს ვ. ველიჩკოს.
უფრო მეტსაც ვიტყვით. აკაკი გამკილავი ლექსით თვით ილია ჭავჭავაძესაც კი გაეპაექარა და, უნდა ითქვას, არცთუ მაიცნდამაინც სამართლიანად. ამ შემთხვევაში მისი მახვილი ხუმრობის ობიექტი გახდა ილიას მშვენიერი ლექსი "გაზაფხული", მხოლოდ იმის გამო, რომ "მერცხლის ჭყივილი" მასა სხვებსავით ეუცნაურა. აი, ის ლექსიც, რომელიც აკაკის 1895 წელს დაუწერია:

სახუმარო გასართობი

(ჩვენი პოეტების მიბაძვა)

ზამთარი რომ წავიდა,
მოვიდა გაზაფხული.
სახლში ჭყივის მერცხალი,
ბაღში კივის ბულბული.
აყვავებულა ვარდი,
ნესვიც დამწიფებულა,
ღობეში - კი მსუნაგი
ღორი გაკვეხებულა!
მებაღე დიდი ჯოხით
ღორზე ამხედრებულა...
გუმარჯოს სამშობლოს,
მტერიც დამარცხებულა!

თავის "პანორამაში" აკაკი წერეთელი მახვილი კალმით კილავს ქართველ პედაგოგთა შორის გამეფებულ მანკიერებას და გულისტკივილით ამბობს, რომ, თუკი გამოჩნდა ღირსეული პედაგოგი

როგორც ყვავებში ბულბული,
ან ჩხიკვბში ტოროლა,

მაშინვე მას დევნას დაუწყებენ და ჩაქოლავენო...
ვის უნდა გულისხმობდეს აკაკი იმდროინდელ პედაგოგ ყვავებს და ჩხიკვებში გარეულ ტკბილხმოვან ბულბულად და ტოროლად?...
ცხადია, იაკობ გოგებაშვილს, რომელსაც თავს ესხმოდნენ ცარიზმის აშკარა დამცველები ("აჩხავლდებიან დიდები!") პროგრესული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების ქადაგებისათვის.
ამის უტყუარ საბუთს, სხვა რომ არა იყოს რა, თვით ლექსში ვპოულობთ.
იმ ორი სოფლიდან (კავთისხევი და ვარიანი), რომელიც ლექსშია მოხსენებული, ერთი (ვარიანი) იაკობის სამშობლო სოფელს წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ აძლევს აკაკი უპირატესობას ვარიანს კავთისხევის წინაშე.
მაგრამ რად გასწირა აკაკიმ კავთისხევი და რად მიაკუტვნა იგი "უგვარო" სოფლების რიგს? უმიზეზოდ ხომ არ დაუპირისპირდა იგი ვარიანს. აკაკიმ უმისამართო ხუმრობა არ იცოდა. ცხადია, "კავთისხევსიც" ვინმე იმდროინდელი პედაგოგი უნდა იგულისხმებოდეს.
ჩვენი აზრით, "კავთისხევში" აკაკი უნდა გულისხმობდეს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და პედაგოგს ნიკო ცხვედაძეს, რომელიც წარმოშობით კავთისხეველი იყო.
პოეტის მიერ ნ. ცხვედაძესთან ამგვარ შეფარვით შეხუმრებას თავისი მიზეზები ჰქონდა.
იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე ქართველი ერის საქმისათვის თავდადებული მოღვაწეები იყვნენ და ორივე უანგაროდ ეწეოდა მამულიშვილურ ჭაპანს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი ძალა და უნარი თანაბარი არ იყო. მაშინდელი საზოგადოების ერთ ნაწილში კი, როგორც ირკვევა, იგრძნობოდა ამ ორი მოღვაწის დამსახურების გათანაბრების ტენდენცია. სწორედ ამ ტენდენციის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული აკაკის ხუმრობა.
აკაკი დროს ეს გადაკრულად ნათქვამი, ცხადია, ლიტერატორთა და პედაგოგთა წრეებისათვის უკომენტაროდაც გასაგები და ნათელი იყო. დრომ თავისი გაიტანა და პოეტის სხარტულად ნათქვამი შემდგომი თაობებისათვის გაუგებარი გახადა.
როგორც ვხედავთ, დიდ პოეტს სოფელი კავთისხევი სრულიადაც არ უხსენებია აუგად. ფრთიანმა, შეფარვით ნათქვამმა სიტყვამ დაბდა ბუნდოვნება, რომელიც, ჩემი აზრით, ამას იქით გაფანტულად უნდა ჩაითვალოს.

                                                                                 1958 წ.

ნანახია: 5456 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
10 aniani  
0
meeee zdlivsss ukve davregitrirdiiii da zdannn mixariiiaaaa jobiiiaaaa motrobebic dado qartuli xalxurriiiii clap hands lips wine

9 ani  
0
magariaaaaaaaaa magram xumrobebiii mchirdebaaaaa

7 anci  
0
am suratshi ra lamazad aris es adgilii,exla ro naxoooooooooot:):):):):):):)

6 bachi  
0
xaxloo vinc amis administratoria am saitis xvedreliant ubanma da tvaladma ra dagisahves wminda giorgis eklesiam mdzlevis qedma kavtaamm :* gtxovtt dadett raaaaaaaaaa :(

8 ქსოვრელა  
0
დაშავებით არაფერი დაუშავებიათ smile სურათები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე ვერ ვამატებთ მათზე ინფორმაციას...
ღვთის წყალობით თუ მშვიდობა იქნა ამ ზაფხულს საიტი , ბევრად მეტი სურათებით, უფრო ვრცელი ინფორმაციებითა და საინტერესო თემებით დაიტვირთება. სავარაუდოდ ქართულ დომენზეც გადავა.

5 ქსოვრელა  
0
ძალიან მიხარია თუ რაიმე სახით დაგეხმარეთ . საიტის მიზანი და ამოცანა სწორედ ინფორმაციის მიწოდებაა ხალხისთვის, დიდი მადლობა , რომ სტუმრობთ ჩვენს საიტს

4 nata  
0
vaaime mec es mqonda davaleba : )) kidev kargi vnaxeee !! madloba am saitss !! :*

3 mari  
0
magariaaa

1 mari  
0
dzalan kargi saitia da aseve didi madloba zustad skolashi es tema mqonda dasaweriiii da dzalian damexmaret :P :P :P :D :D

2 tamo-90  
0
auuu mec maqvs dasaari ema magram ver vnaxeeeeeeeee surprised surprised surprised surprised surprised

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024