შაბათი, 20-აპრ-2024, 5:58:17მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რელიგია | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » სტატიები » My articles

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღია მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს, ბატონ პან გი მუნს 2009-06-12
null

(აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის ცნობა უნებლიედ ხდება კომუნისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ შექმნილ ავტონომიებზე გაცილებით უარესი მოვლენა) 

გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით და რადგან ახლო მომავალში იგეგმება გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხიც იქნება განხილული, მინდა გაგაცნოთ ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ცნობილ პრობლემებთან მიმართებაში. 

შევნიშნავ, რომ ჩემი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და მე, როგორც მათი სულიერი მამა, რომელსაც მორალური ვალდებულებები მაკისრია ქვეყნის წინაშე, ამ ხალხის სახელით მოგმართავთ პირადად თქვენ და გაეროს ყველა წევრს, ასევე მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. 

საქართველო არის უნიკალური კულტურის ქვეყანა, რომელიც კავკასიაში სხვა და სხვა ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, რთულ გეოპოლიტიკურ ადგილზე მდებარეობს, რის გამოც საუკუნეთა მანძილზე მრავალი განსაცდელის გადატანა მოუწია და მიუხედავად ამისა, დღემდე შეძლო თავისი ეროვნული თვითმყოფადობის შეინარჩუნება. იგი მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა, რომელსაც 3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი და 2000 წლოვანი, ქრისტიანული ცხოვრების ისტორია აქვს. ქრისტიანობა განმსჭვალავდა და განმსჭვალავს ჩვენი ყოფის ყველა სფეროს. 

სწორედ ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებამ და ჩვენი ხალხის მოსიყვარულე ხასიათმა განაპირობა ის, რომ აქ არასოდეს ქონია ადგილი რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნა-შევიწროებას. საქართველოში ყველა კარგად გრძნობს თავს. ამიტომაც იყო, რომ საკუნეთა მანძილზე მრავლად სახლდებოდნენ აქ მეზობელი ხალხების და სხვა ერების ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები, ებრაელები, სომხები, ბერძნები, რუსები... , რომლებიც შემდეგ ახლო ურთიერთობაში (მათ შორის ნათესაურში) შედიოდნენ ქართველებთან და ჩვენთან ერთად აშენებდნენ ერთიან ქართულ სახელმწიფოს. იგივე ითქმის აფხაზებისა და ოსების მიმართაც. 

ოსებიც და აფხაზების დიდი ნაწილიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენენ. მე თვითონ 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და მათთან სიყვარულით სავსე წლები მაკავშირებს. ჩვენმა სახელმწიფომ შექმნა ყველა პირობა, რომ აფხაზებს მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ განათლების სისტემა (მათ შორის უნივერსიტეტიც), მასმედია, თეატრი და სხვა. 

ეროვნული თვითშეგნების განვითარებისათვის ასევე ყველა პირობა ჰქონოდათ ოსებსაც. 

მე ახლოს ვიცნობ მათ, დავიბადე ქ. ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე) და საერთოდ წარმოშობით ვარ საქართველოს იმ კუთხიდან, სადაც ოსები ახლაც სახლობენ. 

და არა მარტო იქ, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ოსები და აფხაზები დღესაც მშვიდობიანად ცხოვრობენ და მათ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან ამ კონფლიქტების შემდეგ პრობლემები არ შექმნიათ. ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ როგორც აფხაზების, ისე ოსებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებები საქართველოში ყოველთვის სამაგალითოდ იყო და არის დაცული, რადგან მათ ჩვენ აღვიქვამდით და აღვიქვამთ, როგორც ჩვენს ძმებს. 

სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) ძმათამკვლელი ომის შემდეგ დევნილ ქართულ მოსახლეობას 17 წელზე მეტია თავის მიწა-წყალზე დაბრუნების საშუალება არ მისცემია და არც უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ასეთივე მდგომარეობაში არიან 2008 წლის აგვისტოს შემდგომ სამაჩაბლოდან ლტოლვილნიც. 

ეს, და საერთოდ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები, ჩვენთვის არის დიდი სახელმწიფოების პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი და ამიტომაც ზემოაღნიშნულ პრობლემებს ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ ეთნოკონფლიქტს ვერ დავარქმევთ. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც (სამაჩაბლო) მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ ყოველთვის ქართველები წარმოადგენდნენ, რადგან ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია; ხოლო ავტონომიური ერთეულები აქ მხოლოდ XX ს-ის 20-იან წლებში შეიქმნა, როდესაც კომუნისტებმა დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო და ყოველგვარი სამართლებრივი და ისტორიული საფუძვლის გარეშე ჩამოაყალიბეს აჭარის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები; ამასთან, ამ მხარეებში ისეთ იდეოლოგიას ნერგავდნენ, რაც ქვეყნიდან აღნიშნული რეგიონების იზოლირებას შეუწყობდა ხელს. 

ეს იყო საქართველოს დაშინების და საჭირო შემთხვევაში დაშლის მიზნით ჩადებული ერთგვარი ნაღმები, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამოქმედდა. 

ამიტომაც მივიჩნევთ, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის ცნობა უნებლიედ ხდება კომუნისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ შექმნილ ავტონომიებზე გაცილებით უარესი მოვლენა, რადგან, ვიმეორებ, ასეთი სუბიექტები ისტორიულად არასოდეს არსებობდა, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში რუსეთის იმპერია 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში `გათიშე და იბატონეს~ პოლიტიკას ანხორციელებდა. ფაქტია ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ ყველა ქვეყანაში და თუ საერთაშორისო დონეზე მოხდება მათი სეპარატისტული მოთხოვნების ლეგიტიმაცია, ბუნებრივია, მსოფლიოში მოხდება დაუსრულებელი დაპირისპირებებისა და ომების პროვოცირება, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანს ყველას. 

მოგმართავთ გაეროს ყველა წევრს და პირველ რიგში თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პან გი მუნ და გთხოვთ, გამონახოთ მეთოდები და საშუალებები მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. 

მოგმართავთ იმ იმედით, რომ, მართალია, დღეს კაცობრიობის წინაშე მრავალი გლობალური პრობლემაა, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემებზე მაღლა დგას სიმართლე; სიმართლე თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისა, როგორიც საქართველოა. 

გვჯერა, გადაიდგმევა ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მომავალი ეფუძნება არა ძალის სამართალს, არამედ სამართლიანობის ძალას და, აქედან გამომდინარე, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს, რადგან მშვიდობა, სამართლის გარეშე, არ არსებობს. 

მაშ, ღმერთი მშვიდობისა და სიმართლისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!



წყარო: http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=481
კატეგორია: My articles | დაამატა: ქსოვრელა (26-ივლ-2009) W
ნანახია: 1015 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024