ხუთშაბათი, 25-აპრ-2024, 4:04:07მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია
7:58:55
იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია
იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (7,5X 7 მ. ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მყარად მიმაგრებულია მოზრდილი სატრაპეზო ქვა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე საბჯენი თაღები 0,12-0,14 მ-ით მკლავის სიღრმეშია შეწეული, რითაც უფრო ფართო კვადრატი წარმოიქმნება. ამ კვადრატზე აღმართულია გუმბათის ყელი. გუმბათის ყელის ოთხივე კუთხეში ტრომპებია. მათ საბჯენი თაღები არა აქვთ და ამოყვანილია ქარგილებით. გუმბათის კამარის ქუსლამდე გრძელდება ტრომპებზე აყვანილი სიბრტყეები, რომელთა თავზე იქმნება სამკუთხოვანი თაროები. აქედან კამარის წვერამდე გუმბათს ოთხივე ნაკერი გასდევს. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია: აღმოსავლეთისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი სწორკუთხა. გუმბათის ყელის კუბური სივრცე გადახურულია ოთხი სეგმენტით შეკრული კამარით. გუმბათი ზევითკენ ვიწროვდება და ოთხივე კუთხე ჩამოთლილი აქვს.

ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილია შელესილობისა და XII საუკუნის მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. გუმბათში გაირჩევა ამაღლების კომპოზიცია თორმეტი მოციქულით. საკურთხევლის კონქში ვედრების ფრაგმენია, ქვემოთ, საკურთხევლის კედლებზე - ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურა. საკურთხევლის სარკმელი შემკულია ორი ორნამენტული ზოლით (კიბისებრი და უსასრულო ღეროს მოტივი). სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჰეროდეს ნადიმის სცენა, აღმოსავლეთ კედელზე ნათლისღების ფრაგმენტია. ჩრდილოეთ მკლავის კამარაში ჩანს წმინდანის აბრისები. მოხატულობის განაწილება კედლებზე, ზოგ შემთხვევაში, არ არის ისე ზუსტად შეფარდებული არქიტექტურულ ფორმებთან, როგორც ეს დამახასიათებელია XI საუკუნის მხატვრობისათვის (გუმბათის ყელში მოციქულთა ფიგურები ტრომპების ჩაზნექილ ზედაპირზე გადადის). ნახატი მკაცრი და ამავე დროს მოქნილია, ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება გრაფიკული ხასიათისაა. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო-ყავისფერისა და ნაცრისფერის შეხამებაზეა აგებული. ეკლესიის გუმბათის ყელზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი: ერთი სამხრეთ წიბოზე, სარკმლიდან მარჯვნივ, ორი ჩრდილოეთ წიბოზე, დასავლეთ ფასადზე შესასვლელი არქიტრავი თითქმის მთელ დასავლეთ მკლავს მიჰყვება.

დასავლეთის მხრიდან ეკლესიისათვის მოგვიანებით მიუშენებიათ სათავსი - ე.წ. საქალებო. გეგმით სწორკუთხა ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოყვანილია სამი წყვილი მასიური პილასტრი, რომელთა თავზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები გადადის. შესავლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთდერთი სარკმელი - დასავლეთ კედელში, საქალებოს აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის ლავგარდანი შემოუყოლებიათ.

იდლეთის ნათლსიმცემლის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ოთხკუთხა დაბალი გუმბათი, რაც გამონაკლისია ფეოდალური ხანის ქართულ არქიტექტურაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიას ერთდერთი კარი აქვს დასავლეთ მკლავში (გვხვდება აგრეთვე ოყალთოსა და შიომღვიმის მცირე ეკლესიებში).

                                                                                                                                                                                               
                                                                                                                                                                                            დვალი თ., მარსაგიშვილი გ.


ნანახია: 2624 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 1
1 anci  
0
au idleti sad gaichitaaaaa:D:D:D:D:D:D:D:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024