სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება 2011-07-04
ჩვენი ეკლესიისთვისაც და, საერთოდ, ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელად საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ ხვალისთვის, 5 ივლისისთვის იგეგმება.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლაპატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა.
ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს.
კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური- შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში....