გიორგი შატბერაშვილი - 26 ივლისში 2009 - კავთისხევი †
ორშაბათი, 05-დეკ-2016, 5:24:52მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » ივლისი » 26 » გიორგი შატბერაშვილი
3:01:00
გიორგი შატბერაშვილი

null
იბერის ლექსი

ოდეს მამაცი იბერი, 
ცისა და ქვეყნის ასაკის,
ლაღი და თვალებცისფერი,
მცხეთის მახლობლად დავსახლდი;
წელს ხმალი მება ხალიბის,
ხელში გუთანი მეჭირა,
ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი,
ვარსკვლავების ქვეშ მეძინა.
ნათელ თუ წყვდიად ღამეში
უღრანში ვჩეხდი ახოებს,
ხარი მყავდა და კამეჩი,
ვეძებდი დაბალახოებს.

მივდექ, დასისხლულ თითებით
მცხეთას ავაგე ტაძარი,
გაღმამთას ჯვარი შევაბი,
არმაზს ვაფრქვიე ნაცარი...
ოდითგან თრობის მომგონი
და მოყვარული სინათლის,
ურჩი არაბის, მონგოლის,
პარტახში ვაზებს ვწინდავდი.
ვახარე შავფხა თავთუხი,
კაჟით მოვხატე კევრები,
რთვლობას ვაჟურად დავდუღდი,
ტკბილით დავავსე ქვევრები...

და აი, რასაც ვნატრობდი:
ღვინო და პური მახობლის,
მოდით, მსურველო დათრობის,
სიყვარულის და ლაღობის.
მოდით, ჰქუხს ქვევრი თავღია,
თაღარში ბორგავს მაჭარი,
ვაჰ, თუ მოვტყუვდი, ჭმახია
ნამცვრევი და ნაჭაჭარი!

მოგაწვდით, არ დაგაძალებთ,
გულს ნაპერწკალი აღინთეთ,
თუ გეწამებათ, აცალეთ - 
დავაჟკაცდეს და დაღვინდეს!
თუ თქვენმა გულმა შეირგო
ნაჟური ჩემი ვაზების,
უმალ ალავერდს გადმოვალ
საალავერდო თასებით!
1946


  ტივისხე


მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით,
წყალს მივდევ დაუდგრომელსა,
ორთაყვირები დამემსხვრა,
გულზე მდინარე მომეცა...

დროც მიდის, როგორც მდინარე...
თურმე შენ გადამივიწყე,
დაშლილა, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივისხე.

არ ვიცი, ბედი ავბედი
წამიღებს რომელ მხარესა,
მიმატივტივებს მდინარე
გულაღმა მწოლიარესა.

ტივი დაშლილა, წყალს მიაქვს
ორთაყვირების ნამტვრევი,
ვიხსენებ შენსა ღიმილსა,
ხანდახან მომენატრები.

ხანდახან... გესმის? ხანდახან...
თურმე მეც გადაგივიწყე.
მზე ჩადის, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივისხე...

საკალმასო


გულმა როდის დაიყეფა
სულ პირველად, აღარც მახსოვს,
მაგრამ გვიან გამოვედი
სიყვარულის საკალმასოდ!

სიჭაბუკემ რაც დამაკლო,
ბედმა ახლა მომიშვილდა,
მკრა ისარი, ამამღერა,
გულს ლექსები მომიშივდა.

აჰა, შენი საროჭიკო,
თავო ჩემო, შევერცხლილო,
მე რად მინდა სხვისი ვარდი,
ბულბულს რატომ შევეცილო?

აჰა, ჩემი საკალმასო,
ტრფობის კალო - საიგავო,
გული უნდა მოგაბარო,
ეგებ ლექსი გამიქარვო!

მითხრა რამე სამეგობრო,
გულით ლექსი დამიოქრო,
მე ისეთი ლექსი მინდა
შენკენ გზები დამიმოკლოს!

მე ისეთი კვესი მინდა,
ლექსის ყანწი დამივერცხლოს,
სიჭაბუკე დამიბრუნოს,
გული ისევ გამიმერცხლოს.

მე იმ კვესით ცეცხლს გავაჩენ
ჩემი გულის ნაფოტებზე,
გეტყვი, გეტყვი, ლექსებს გეტყვი -
ღამით ძილში გაბოდებდეს.

მაგონდება შენი სახე,
მახსოვს, მახსოვს, აღარც მახსოვს...
ეს რა გვიან გამოვედი
სიყვარულის საკალმასოდ!


                                        null
სამაია

მყავდა ერთი სიყრმის სწორი
არჩეული სწორთაგანა,
სცადეს და ვერ გაგვარჩიეს
ერთი ძუძუსმწოვთაგანა.

სცადეს მტრობის ჩამოგდება,
ერთმანეთის შეძულება,
უფრო მეტად შევიყვარეთ
ძმობის ეშხში შესულებმა.

ერთი ვინმე აგვემგზავრა,
უმჯობესი ქალთაგანა,
მიდიოდა, ღიღინებდა,
სამაია სამთაგანას:

"სამაია სამთაგანა,
არ იქნება ორთაგანა
დამიტირონ თვალთა შენთა,
დავიმარხო სწორთაგანა".

მოგვხედავდა, ცეცხლს გვიჩენდა,
გვიღიმოდა ხანდახანა...
ოჰ, იმ ქალმა დაგვავიწყა
ძმობის ფიცი თანდათანა:
ერთმანეთი შევიჯავრეთ,
დავდიოდი განდაგანა.

სად ხარ, ჩემო სიყრმის სწორო,
არჩეული სწორთაგანა,
გახსოვს, რომ ვერ გაგვარჩიეს
ერთი ძუძუსმწოვთაგანა?

გაიხსენე ის წამები
უკეთესი წამთაგანა,
ნეტავ შენც თუ გახსენდება
ის გოგონა ხანდახანა,
ვის დაეცეს გულზე ცრემლი
მის მშვენიერ თვალთაგანა?

ან შენ სად ხარ, ერთო ქალო,
უმჯობესო ქალთაგანა,
რად გაგვყარე სიყრმის სწორნი,
რად გვატარე განდაგანა?

. . . . . . . . . . . . . .

სიყვარულის სამაია
არ იქნება სამთაგანა...

ნანახია: 1574 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2016